თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით პროფესორ რევაზ გაჩეჩილაძის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი XI საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „სივრცე, საზოგადოება, პოლიტიკა“ გაიმართა.
კონფერენციის მონაწილე სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა სფეროში მოღვაწე ქართველმა და უცხოელმა მეცნიერებმა, მკვლევრებმა დამსწრე საზოგადოებას ინოვაციური სამეცნიერო და მეთოდოლოგიური მიღწევები გაუზიარეს.
ღონისძიებას თსუ რექტორის მოადგილე ნინო ოკრიბელაშვილი, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი სალომე დუნდუა, თსუ პროფესორები, კონფერენციის უცხოელი მონაწილეები და სტუდენტები ესწრებოდნენ.
„კონფერენცია შინაარსის მრავალფეროვნებით, მონაწილეთა სიმრავლით გამოირჩევა. დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ტრადიცია დიდხანს გაგრძელდება და მონაწილეთა რაოდენობაც კიდევ უფრო გაიზრდება,“-განაცხადა თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა სალომე დუნდუამ.
კონფერენციის ერთ-ერთმა მთავარმა მომხსენებელმა რევაზ გაჩეჩილაძემ წარადგინა მოხსენება: „სამხრეთ კავკასია და მისი ადგილი მსოფლიოში“, რომელიც შეეხებოდა სამხრეთ კავკასიას, მის მნიშვნელობას მსოფლიოსათვის, მის პრობლემებსა და სხვა.
„კონფერენცია მთლიანად ასახავს იმ თემატიკას, რომელიც ჩვენს ფაკულტეტზე არის წარმოდგენილი. სივრცე, ეს არის გეოგრაფია, პოლიტიკა ეს არის პოლიტოლოგია, საზოგადოება ეს არის სოციოლოგია, საერთაშორისო ურთიერთობები და სხვა. მეცნიერების განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს კონფერენცია. მე შევეცადე მოხსენებაში თეორიული თვალსაზრისით დამესაბუთებინა, რომ სამხრეთ კავკასია არის რეგიონი, მართალია, ეს არის პერცეპტული, წარმოდგენითი რეგიონი, მაგრამ ყველასათვის, ვინც აქ ცხოვრობს, მათთვის, ეს არის ნამდვილად რეგიონი და ჩვენ გვინდა, რომ ის იყოს მშვიდობის ცენტრი, ეკონომიკური ცენტრი, რომ ის მეტ როლს თამაშობდეს მსოფლიოში.“ -განაცხადა თსუ პროფესორმა რევაზ გაჩეჩილაძემ.
კონფერენცია პირველად 2013 წელს ჩატარდა და რევაზ გაჩეჩილაძის 70 წლის იუბილეს მიეძღვნა, მას შემდეგ ტრადიცია გრძელდება და წელს მეთერთმეტედ გაიმართა.